ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი: “ოცნება“ ჩემი ამომრჩევლის ხმებზე ნადირობს

741

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ზუგდიდში არჩევნები უკვე გაყალბებულია და მმართველ პარტიას თავისი ციფრებიც “დადებული” აქვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ნამდვილად შეინარჩუნა წლების განმავლობაში მხარდამჭერები და ეს ელექტორატი მას მართლა ჰყავს, განსხვავებით “ქართული ოცნებისგან”. მერობის კანდიდატი ირწმუნება, რომ მმართველ პარტიას სინამდვილეში მხარს მხოლოდ მოსახლეობის ერთი პროცენტი თუ უჭერს. შესაბამისად, თენგიზ ჯგუშიას თქმით, ისინი სწორედ მის მხარდამჭერ მოქალაქეთა ხმებზე ნადირობენ.

მერობის კანდიდატის მტკიცებით, მისი ამომრჩევლების დიდი ნაწილი “ოცნების” ყოფილი ამომრჩეველია, რადგან ისინი ხელისუფლებამ საკუთარი უმოქმედობით გაანაწყენა, “ნაციონალურ მოძრაობას” კი ხმას არ მისცემენ. სწორედ ამიტომ ეძებენ ახალ გზას და ხედვებს, და ეს ალტერნატივა მათ სწორედ მან შეუქმნა.

თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ “ოცნებამ” მერიასა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომლებს, სულ 2 747 ადამიანს დაავალა, თითომ შვიდი ხმა მოუტანოს მმართველ პარტიას. ამას დამატებული პრობაციონერები, პატიმრები, ჯარი. ასევე, მერობის კანდიდატის თქმით, შს მინისტრის მოადგილე ლევან კაკავას ხელმძღვანელობით, მასიურ “შეტევას” ახორციელებენ დევნილებზე, რომ ხმა “ოცნების” კანდიდატს მისცენ. მისივე ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირებს აიძულებენ, შემოხაზულ ბიულეტენს ფოტო გადაუღონ მტკიცებულების სახით. ასევე, მუშაობენ იმაზეც, რომ თენგიზ ჯგუშიას ამომრჩეველი არ გამოვიდეს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

მერობის კანდიდატის თქმით, 20 მაისიდან იწყებს მასშტაბურ სახალხო მოძრაობას “სამეგრელოხ ხმის” ფორმატით, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დაასრულებს. ამბობს, რომ აქტიურად დაბრუნდება პოლიტიკაში, ხვალ კი მხოლოდ ღირსეული დასაწყისი იქნება მისთვის.

თენგიზ ჯგუშიას ინფორმაციით, თავისუფალი არჩევნების პირობებში მას ხმას ათეულ ათასობით ზუგდიდელი დაუჭერს, ამ რეიტინგს კი სხვადასხვა მედიასაშუალების გამოკითხვებიც მოწმობს.

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ კენჭისყრის დღე მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის. მათივე თქმით, არავის ხმებზე ნადირობა მათი მხრიდან არ მიმდინარეობს.

“ოცნებას კი არ ჰყავს ამომრჩევლის ერთი პროცენტი, მას ჰყავს ერთი პროცენტი და ხვალ ვნახავთ, ვის რამდენი პროცენტი იქნება”, – აღნიშნეს მათ.

შტაბისვე განმარტებით, საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში ჩაატარეს, მიაწოდეს ჩვენი პროგრამა ამომრჩეველს. ამიტომაც, ელოდებიან დამაჯერებელ გამარჯვებას პირველივე ტურში.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები ხვალ, 19 მაისს გაიმართება.