“TV ოდიშის” წამყვანის თქმით, მისთვის წაყენებული ბრალდება ზეწოლისა და დაშინების მცდელობაა

1342

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ეს არის ზეწოლის მცდელობა ტელევიზიაზე და ჟურნალისტებზე. ეს არის ზეწოლის მცდელობა კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებზე, – ასე აფასებს მისთვის ძალადობის მუხლით ბრალის წაყენებას ტელეკომპანია “ოდიშის“ წამყვანი ლევან თორია. მისი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. ამბობს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“ეს არის ზოგდადად ადამიანების დაშინების მცდელობა. ეს მარტო მე არ მეხება, ეს ეხება მთლიანად საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობა არავის შეგვაშინებს და სულ მალე დასრულდება“, – განაცხადა ლევან თორიამ.

შეგახსენებთ, რომ მას და მოქალაქე მამუკა ცირდავას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით 17 მაისს წარედგინათ. მანამდე აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა გელა კვარაცხელიას მიუსაჯა.

ლევან თორია წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

საქმე ეხება 14 მაისს დადიანების მუზეუმის ეზოში მომხდარ ინციდენტს, სადაც ტელეკომპანია “ოდიშის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კოორდინატორები გადაცემის ჩაწერის დროს ჟურნალისტებს, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაზარალებულად ცნეს ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე.

ოპოზიცია ზუგდიდში 14 მაისს მომხდარ დაპირისპირებაში “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მმართველი პარტიის ადგილობრივ ოფისში კი აცხადებენ, რომ ინციდენტში “ქართული ოცნების“ წევრი, ან კოორდინატორი არ მონაწილეობდა.