ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

245

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დავით თორდიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ თორდიამ ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი სიტყვებით, მას, როგორც კანდიდატს არ მიეცა ცენტრალური ტელევიზიებით სიტყვით გამოსვლის უფლება. ელოდა, რომ მერობის ყველა კანდიდატის ჩართულობით იქნებოდა დებატები და შეძლებდა საზოგადოებისთვის მიეწვდინა ხმა, რაც ვერ მოხერხდა. ამასთან ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანდიდატურას არავის სასარგებლოდ არ იხსნის.

“მე არავის სასარგებლოდ არ ვიხსნი კანდიდატურას. დიახ ბატონებო, არავის მომხრე მე არ გახლავართ და არავის წისქვილზე მე წყალს არ დავასხამ. ხომ ხართ ორივე მხარე დაჯერებული იმაში, რომ გაიმარჯვებთ. ვხედავთ, ერთი მხარე მობილიზებულია აგრესიულად, მეორე მხარეც მობილიზებულია არააგრესიულად, მაგრამ თითქოს ევროპული ხერხებით უნდათ განიმტკიცონ დრო კიდევ ცოტა ხანი. მაგრამ თქვენ ამას ნახავთ რაც მოხდება 19 მაისს ზუგდიდში. ზუგდიდში არ მზადდება კარგი საქმე, ეს მე თავიდანაც ვიცოდი და სწორედ ამის იგნორირება მინდოდა, გამოვიდოდი ტელევიზიაში და დავწევდი ოდნავ ტემპერატურას, მაგრამ ამის საშუალება თქვენ არ მოგვეცით“, – განაცხადა დავით თორდიამ.

ასევე, ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ მისი კანდიდატურის მოხსნით უხერხულობისგან ათავისუფლებს საკუთარ ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს და მათ არჩევანის თავისუფლებას უტოვებს.

“ფიქრობდნენ ვისთვის მიეცათ ხმა დათოსთვის, ამისთვის თუ იმისთვის. რაც გინდათ ის გიქნიათ. ვისაც გნებავთ იმას მიეცით, ღმერთია თქვენი გამგებელი“, – ამბობს დავით თორდია.

შეგახსენებღ, რომ მანამდე საკუთარი კანდიდატურა “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას სასარგებლოდ მოიხსნა დათა გაბეჩავამ. “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ გოგიტა ბიგვავამ კი კანდიდატურა გაერთიანებული ოპოზიის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის სასარგებლოდ მოიხსნა.

ზუგდიდი ახალ მერს 19 მაისს აირჩევს. მერობისთვის სულ 16 დარეგისტრირდა, თუმცა სამმა მათგანმა კანდიდატურა მოიხსნა.