ბორჯომის გამგებელმა რამდენიმე სოფლის მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა

910

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის გამგეობიდან აცნობეს, ინიციატივა მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სოციალური პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც უკიდურესაც შეჯირვებული ოჯახების მდგომარეობის ადგილზე გაცნობა და მათი პრობლემების დადებითად გადაწყვეტაა.

ამჯერად დიმიტრი ყიფიანმა სოფლებში რველში, ზანავში, კორტანეთში და ბეშეთში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა დედა მაია ფილიევი მოინახულა.

”ოჯახები, რომლებიც დღეს მოვინახულეთ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სარგებლობენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოციალური პროგრამებით, ჩვენი გვერდში დგომა მათ მუდმივად სჭირდებათ. შეხვედრის დროს გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყვეტს. მოქალაქეებს შესაბამისი სამსახურები საშეშე მერქნით მოამარაგებენ, საჭიროების მიხედვით მათი საცხოვრებელი სახლებისათვის მოხდება სახურავის გადახურვის სამუშაოებიც. ერთ ოჯახს საკანალიზაციო ქსელის პრობლემა აწუხებს, რომელსაც მალე მოვაწესრიგებთ“, – აღნიშნა გამგებელმა.

სტუმრობისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა შეჭირვებულ ოჯახებს პირველადი მოხმარების ნივთები და ტანისამოსი გადასცეს.
ახალი სოციალური პროექტის განხორციელება ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგებელი და თანამშრომლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირადად სტუმრობენ და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობიან.

გამგეობის სოციალური სამსახური ეტაპობრივად გააგრძელებს ქალაქ ბორჯომში, მის სოფლებში და დაბებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების ადგილზე შესწავლას.

წყარო: ინტერპრესნიუსი