2019 წლის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს ISFED-ის 240-მდე დამკვირვებელი დააკვირდება

712

წინა სტატია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2019 წლის 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით დააკვირდება.

ორგანიზაციის ცნობით, ISFED-ის დამკვირვებლები ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის ოლქებში ყველა საარჩევნო უბანზე იქნებიან. ისინი არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდებიან, რაც დარღვევების მყისიერად აღმოჩენის, არჩევნების დღის პროცესის სისტემურად შეფასებისა და  ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა.

“19 მაისის შუალედურ არჩევნებზე სადამკვირვებლო მიისია ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. “სამართლიანი არჩევნები” დაკვირვების შედეგებს საზოგადოებას განცხადებების მეშვეობით გააცნობს”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ამასთან, ISFED საარჩევნო ადმინისტრაციას, პოლიტილურ პარტიებს, მათ კანდიდატებსა და მხარდამჭერებსაც მიმართავს.

“სარჩევნო პერიოდის ბოლო დღეებში მომატებული დაძაბულობისა და მზარდი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე, არჩევნების დღის მშვიდად წარსამართად, უმნიშვნელოვანესია საარჩევნო ადმინისტრაციის გამართული მუშაობა. აუცილებელია, რომ არ მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციების შესრულებისთვის ხელშეშლა. “სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო გარემოს ესკალირებისგან და არ მოახდინონ პოლიტიკური დაძაბულობის იმგვარ რეჟიმში გადაყვანა, რამაც შეიძლება, დააზიანოს საარჩევნო პროცესი; არ შეუშალონ ხელი საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულებაში”, – ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე, მიმართავს საარჩევნო ადმინისტრაციებს, კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, ხოლო სამართლადამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ არჩევნების დღის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 19 მაისს, საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები გაიმართება. რიგგარეშე არჩევნებზე ხუთ მუნიციპალიტეტში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში ამომრჩევლებმა მერი უნდა აირჩიონ. გარდა მერის რიგგარეშე არჩევნებისა, 19 მაისს 8 მუნიციპალიტეტში – საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნებიც გაიმართება. შუალედური არჩევნები გაიმართება, ასევე, თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სადაც მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა აირჩიოს.

ცესკოს ცნობით, 19 მაისს რიგგარეშე და შუალედური არჩევნების მიმდინარეობას შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების 5 365 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 6 130 დამკვირვებელი და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდება. არჩევნების გასაშუქებლად კი აკრედიტაცია 34 მედიასაშუალების 1917 წარმომადგენელმა გაიარა.