ქუთაისის სამხედრო სამსახურს გადავადების მოთხოვნით “გირჩის” 870-მა მღვდელმსახურმა მიმართა

855

ქუთაისის სამხედრო სამსახურს გადავადების მოთხოვნით “გირჩის” 870-მა მღვდელმსახურმა მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუპრესი” ქუთაისის სამხედრო სამსახურის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს. ვალერი ყენიას განცხადებით, 2017 წლის შემოდგომიდან, სამხედრო სამსახურის გადავადების მოთხოვნით, “გირჩის” რვაასზე მეტმა მღვდელმსახურმა მიმართა.

“სამსახური მუშაობს როგორც წვევამდელების აღრიცხვაზე, ისე სამხედრო სამსახურში გაწვევაზე. ამ ეტაპზე 163 წვევამდელი უნდა ჩავრიცხოთ სხვადასხვა დანაყოფში. ჯერ პროცესი მიმდინარეობს და ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამდენად, ჯერ ნაადრევია საუბარი გეგმის შესრულებაზე, სირთულეები არსებობს, თუმცა, ჩვენ ვუმკლავდებით ამ სირთულეებს”, – განაცხადა ყენიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

როგორც გამოცემა წერს, საკრებულოს კომისიის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას ყენიას არ დაუმალავს, რომ სამხედრო სამსახურში წვევამდელების გაწვევა სულ უფრო რთულდება. ამის მიზეზად კი მან ახალგაზრდებში მოტივაციის ნაკლებობა დაასახელა. მისი თქმით, სულ უფრო მეტი წვევამდელი მიმართავს სამხედრო სამსახურის გადავადების მოთხოვნით.

“წვევამდელებს მოტივაცია არ აქვთ, საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიცვალოს, რაც შესაცვლელია, ერთი მუხლია, საიდანაც ამოსაღებია 2 ქვეპუნქტი”, – განაცხადა ყენიამ კომისიის სხდომაზე,

მისი თქმით, “გირჩის” გარდა, გააქტიურდა სხვადასხვა მიმდევრობა. ამ დრომდე სამსახურში შესულია 870 მოწმობა, რომლის საფუძველზეც, კანონის თანახმად, პირის სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა გადავადებას ექვემდებარება. ყენიას ინფორმაციით, მათი უმრავლესობა სწორედ”გირჩის” მიერ დაარსებული ეკლესიის მიმდევრების მოწმობებია.