ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან თანამედროვე ხელოვნების პარკის მოწყობას ითხოვენ

994

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების პარკისა და ფესტივალის მოწყობაზე მუშაობენ. ფესტივალი სახელწოდებით “UPPERGROUND” როლანდ შალამბერიძის და პროექტ ურბან არტის კოლაბორაციის ფარგლებში იგეგმება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

პროექტის ავტორთა ინიციატივით, პარლამენტის ყოფილი შენობის მომდებარედ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების პარკი მოეწყობა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იქნება წარმოდგენილი.

“პროექტი ურბან არტი ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების პარკის მოწყობას გულისხმობს. პარკში იქნება სივრცეები, მუზეუმები, პროფესიული სასწავლებელი, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება. ადგილი შერჩეული გვაქვს პარლამენტის მიმდებარედ 75 კვ.მეტრი ტერიტორია. ეს ადგილი არის სრულად აუთვისებელი, სამშენებლო ნარჩენებითაა დაბინძურებული. პროექტის ფარგლებში მოხდება დასუფთავება, გამწვანება და მშენებლობა. გაიმართება ფესტივალები, პერფორმანსები, კინოჩვენებები, ღონისძიებები.

ქუთაისი 35 000 წლის ქალაქია და ქალაქში ეს არ იგრძნობა, არ არის არტეფაქტები, არ არის პროექტები, ამიტომ გამოკითხვა ჩავატარეთ და 92%-ისთვის ქუთაისი აეროპორტთან ასოცირდება, პირველ რიგში, ეს ახსენდებათ. ქუთაისში არის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეა, მაგრამ ეს ქუთაისისთვის ძალიან მცირეა, ამიტომ გვინდა ახალი სივრცე მოვაწყოთ, რომელიც იქნება დაცული და რომელსაც ექნება საქართველოს რუკის ფორმა და კონტურულად შემოსაზღვრული იქნება ბროწეულების ღობით.

შესასვლელები სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის სიმბოლოებით იქნება გამოსახული. განთავსებული იქნება არტეფაქტები, რომელიც იქნება მოძრავი, ბიენალეებისთვის იქნება მოეწყობა პავილიონები და თანამედროვე ხელოვნების სასწავლებელი იქნება. გადამზადდებიან სტუდენტები საზღვარგარეთ. მოეწყობა სკეიტპარკი, სპორტული მოედნები”-განაცხადა ხვიჩა დოღონაძემ.

მისი თქმით, პროექტში სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვაც არის გათვალისწინებული, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ განცხადებების დონეზე არიან.

“ტერიტორია სახელმწიფოს ბალანსზეა. გავაგზავნეთ განცხადება მერიაში და გვეუბნებიან, რომ სამინისტროს უნდა მივმართოთ, სამინისტრო მერიაში გვამისამართებს. გვექმნება წარმოდგენა, რომ პროექტს არც გაცნობიან. ამ ადგილზე მსგავსი პროექტი საბჭოთა კავშირის დროსაც იყო დაგეგმილი და ვერ აშენდა. ასევე, გათვლილი იყო პარლამენტის პროექტშიც, უნდა მოეწყოთ გამწვანებული სივრცე, მაგრამ ეს ვერ გაკეთდა. ვფიქრობთ, ჩვენ გავაკეთოთ, პარკი ქუთაისის სავიზიტო ბარათი გახდება”, – განაცხადა ხვიჩა დოღონაძემ.