ზუგდიდის საოლქო კომისია: გადასატან ყუთებზე გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსის შესაბამისად მივიღეთ

822

ზუგდიდის საოლქო კომისიის მირანდა მესხის განცხადებით, ოპოზიციას ჰქონდა ერთი საჩივარი გადასატან ყუთთან დაკავშირებით, რაზეც კომისიამ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“იყო ერთი საჩივარი ერთ კონკრეტულ უბანთან დაკავშირებით და უბანს 3%-ზე ზევით ლიმიტიც არ ჰქონდა. იმ უბნებზე, რომელსაც 3 %-ზე ზევით, (საუბარია ლიმიტზე, რომლის მიხედვით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 %-ს). ჩვენ ეტაპობრივად მოგვეწოდებოდა ინფორმაცია გადასატან ყუთებზე, ეტაპობრივად ხდებოდა საუბნო კომისიის დონეზე კომისის წევრების მიერ მათი გადამოწმება“ , – განაცხადა მირანდა მესხმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ მიეცათ მათ მირანდა მესხის სამუშაო ოთახში შესვლის საშუალება, კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს დოკუმენტაციის უსაფრთოხების დაცვის მიზნით მოხდა.

“იმის იქით არის ჩვენი პირადი სივრცე, სამუშაო სივრცე. არის ათასნაირი ინფორმაცია. სამაგიდე სიები ადგილზეა, დალუქულ მდგომარეობაში ახალი ბეჭდები რეგისტრატორის, ისევ უსაფრთხოებისთვის, სპეკულაციებს ადგილი რომ არ ჰქონდეს, ვიცავთ დოკუმენტს და ინვენტარს“, – განაცხადა მირანდა მესხმა.

ზუგდიდის საოლქო კომისის თავმჯდომარესა და ჟურნალისტების ნაწილს შორის დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მიუთითეს, რომ ისინი დერეფანში უნდა იყვნენ და მოგვიანებით კომისიის თავმჯდომარე გააკეთებს მათთან კომენტარს.

მედიის წარმომადგენლების ნაწილმა განაცხადა, რომ მათ ეზღუდებათ საოლქო კომისიაში გადაადგილების საშუალება.

რუსთავი 2 ის ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ არ ეძლევათ ჟურნალისტებს საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან შესვლის საშულება, მირანდა მესხმა უპასუხა, რომ აქ ინახება მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და ჟურნალისტების მის ოთახში შესვლა “შეჭრად“ შეაფასა.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ გადასატანი ყუთის სია ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა.