ზუგდიდის საკრებულოს წევრი ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე პროკურატურაში იკითხება

870
გია დანელია ფოტო: რადიო "ათინათი"

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გია დანელია პროკურატურაში იკითხება. პროკურატურის ინფორმაციით, დანელიას ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კითხავენ.

თავად დანელია გავრცელებულ ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.  “ეს ჩანაწერი არის მონტაჟი და არ შეესაბამება რეალობას. 2 წლის წინ საუბარი მქონდა ბაადურ რაფავასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი საუბარი, ანუ ჩანაწერი გაკეთებულია, სავარაუდოდ, მის მიერ. მოვუწოდებ, რომ თქვას სიმართლე, რაზე იყო საუბარი”, – უთხრა ჟურნალისტებს დანელიამ.

საგამოძიებო უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა ექსპერტიზის შედეგებს ელოდება. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით კი, ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელია გია დანელიას ხმის ნიმუშის შედარება ორიგინალ ჩანაწერთან, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” აქვს. ამიტომაც, ტელეკომპანიას ჩანაწერის დედანის მიწოდების თხოვნით უკვე მიმართეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება 14 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

ფოტო: რადიო “ათინათი”