ზუგდიდის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა სანდრა რულოვსის სასარგებლოდ მოხსნა

823

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან, გოგიტა ბიგვავამ კანდიდატურა სანდრა რულოვსის სასარგებლოდ მოხსნა. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბიგვავამ ამის შესახებ განმუხურის ამფითეატრში შეკრებილ მხარდამჭერებთან განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ხმები მოიპაროს.

“მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და დავამარცხებთ უნიათო ხელისუფლებას”,- თქვა ბიგვავამ.

განმუხურის ამფითეატრში “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ ამომრჩეველს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 19 მაისს, საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები გაიმართება. რიგგარეშე არჩევნებზე ხუთ მუნიციპალიტეტში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში ამომრჩევლებმა მერი უნდა აირჩიონ. გარდა მერის რიგგარეშე არჩევნებისა, 19 მაისს 8 მუნიციპალიტეტში – საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნებიც გაიმართება. შუალედური არჩევნები გაიმართება, ასევე, თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სადაც მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა აირჩიოს.