“ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბის უფროსი ადასტურებს, რომ სიებით მობილიზებული აქტივისტები კვლავ ეყოლებათ

173

“ქართულ ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი ადასტურებს, რომ სიებით მობილიზებული აქტივისტები 19 მაისის ვადამდელ არჩევნებზე კვლავ ეყოლებათ. ამის შესახებ ჩიქოვანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მათ აქვთ იმ ამომრჩევლების სიები, რომლებიც მათ კანდიდატს აძლევენ ხმას.

“ჩვენი აქტივისტები არიან მობილიზებულები იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც ჩვენ უკვე გვყავს იდენტიფიცირებული, მათგან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ ისინი მობრძანდებიან არჩევნებზე და მხარს დაგვიჭერენ. ისინი მოვლენ ამ არჩევნებზე. მათ ექნებათ სპეციალური სიები. ეს სიები უზრუნველყოფს იმას, რომ ზუსტად შევძლოთ აღრიცხვა ყველა ჩვენი ამომრჩევლის, რომელიც მოვა ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შენგელიას შტაბის უფროსის თქმით, მათი აქტივისტები აღჭურვილნი იქნებიან ვიდეოგადაღების აპარატურით იმისათვის, რომ, როგორც თავად ამბობს, უბნებზე პროვოკაციები აიცილონ.

“ჩვენ გვექნება სხვადასხვა ვიდეოს ჩაწერის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია, რომელიც, შესაძლოა, უბანზე მოხდეს. ასევე, მივმართავ კომისიებში ჩვენს წევრებს, რომ მიუხედავად იმისა, რაოდენ დაძაბული შეიძლება იყოს ვითარება შიგნით, მათაც გამოიჩინონ მაქსიმალური სიმშვიდე და გამოიყენონ აბსოლუტურად ყველა პროცედურა. ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ 19 მაისს ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა ირკალი ჩიქოვანმა.

როგორც ცნობილია, კვირას, 19 მაისს, საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები გაიმართება. რიგგარეშე არჩევნებზე ხუთ მუნიციპალიტეტში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში ამომრჩევლებმა მერი უნდა აირჩიონ. გარდა მერის რიგგარეშე არჩევნებისა, 19 მაისს 8 მუნიციპალიტეტში – საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნებიც გაიმართება. შუალედური არჩევნები გაიმართება, ასევე, თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სადაც მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა აირჩიოს.