ჩუგოშვილი: თამარ ჟვანიასთან შეკითხვები არ გვაქვს, რადგან საარჩევნო კომისია პროცესების წარმართვას კანონის შესაბამისად ცდილობს

1213

ჩვენ კითხვები თამარ ჟვანიასთან არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ საარჩევნო კომისია ცდილობს წარმართოს და მართავს პროცესებს კანონის შესაბამისად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტში იბარებს.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ინტერპელაციის პროცედურიდან გამომდინარე, რომელიც კანონითაა დარეგულირებელი, ოპოზიციას აქვს საშუალება პარლამენტში ნებისმიერი ანგარიშვალდებული პირი დაიბაროს და მას შეკითხვები დაუსვან.

“ზოგადად ინტერპელაციის პროცედურა დარეგულირებულია მკაცრად კანონით. ინტერპელაცია გაიმართება მაისში, ბოლო სასესიო კვირას, პარასკევს. შესაბამისად, კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში, მათ შეუძლიათ დაიბარონ ნებისმიერი ანგარიშვალდებულო პირი. არჩევნებიდან გამომდინარე, თუკი მათ კითხვები აქვთ, შეუძლიათ ეს კითხვები, მათ შორის დასვან სხდომის დარბაზიდან. ჩვენ კითხვები ჟვანიასთან არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ საარჩევნო კომისია ცდილობს წარმართოს და მართავს პროცესებს კანონის შესაბამისად. ეს დაადასტურეს გუშინ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც თქვეს, რომ არანაირი დარღვევა დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში არ ყოფილა. თუ გადავხედავთ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსაც, ყოველთვის, როდესაც არჩევნების შეფასება ხდება, ყველაზე მაღალ შეფასებას ხშირად სწორედ საარჩევნო კომისია იღებს, როგორც სწორად, კანონიერად და გამართულად წარმმართავი საარჩევნო პროცესების“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ევროპულმა საქართველომ “პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკოს თავჯდომარე თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარეს.

პრლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა ბახტაძე და თამარ ჟვანია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამცხადდებიან და ყველა კითხვას გასცემენ პასუხს.