ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სლოტ კლუბის კარების აჭედვა სცადა

974

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ სლოტ კლუბის კარების აჭედვა სცადა, რისი უფლებაც მას დაწესებულების დაცვამ და პოლიციამ არ მისცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ჯგუშიამ სლოტ კლუბის შესასვლელთან კედელს ჩაქუჩიც დაარტყა, რასაც კლუბის წარმომადგენლების გაღიზიანება და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის ცენტრში ტოტალიზატორების სიმრავლეს აპროტესტებს და ამბობს, რომ მათ ბიუჯეტში უმნიშვნელო თანხა შემოაქვთ და საკუთარ მოგებაზე არიან ორიენტირებული.

მერობის კანდიდატის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ტოტალიზატორებს ის ქალაქგარეთ განათავსებს, დასასვენებელ, ტურისტულ ზონებში, სადაც ახალგაზრდებს ნაკლებად ექნებათ წვდომა ამ ცდუნებასთან. მისივე განცხადებით, გეგმავს სლოტ კლუბის ადგილას კინოთეატრის აღდგენას.

“ცენტრში ხუთი ტოტალიზატორია, სადაც ახალგაზრდობას ცდუნების მაღალი ინდექსი აქვს, რომ უეცრად შეცდეს და შემდეგ ძალიან ბევრი ფაქტია სუიციდის, ოჯახების განადგურების. ამისგან უნდა გადავარჩინო ზუგდიდი”, – განმარტა თენგიზ ჯგუშიამ.