ცქიტიშვილი: წელს რეგიონებში პროექტები გაზრდილი ბიუჯეტით ფინანსდება

837

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს რეგიონებში და მათ შორის, ქვემო ქართლშიც პროექტები გაზრდილი ბიუჯეტით ფინანსდება -, ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დაათვალიერებისას განაცხადა.

“რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სხვა რეგიონებთან ერთად, წელს გაზრდილი ბიუჯეტით ფინანსდება პროექტები ქვემო ქართლშიც. აქ, დაახლოებით, 55 მილიონი ლარია გამოყოფილი, საიდანაც დიდი წილი საგზაო პროექტებზე მოდის. ამას გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობითაც ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვაკეთებთ, მათ შორისაა მარნეულში უეფას მეორე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. ასევე, მუნიციპალიტეტში 10 ახალი სკოლის და 2 საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი. აქტიური დინამიკაა მდინარე დებედაზე, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოების დასკვნითი ეტაპია. ეს პროექტი მნიშვნელოვანია სტიქიის პრევენციის და მოსახლების სავარგულების დაცვის თვალსაზრისით. ამას გარდა, მარნეულში, ყველასთვის ცნობილ მონუმენტთან “კიდევაც დაიზრდებიან“ ამფითეატრი, საბავშვო ინფრასტრუქტურა და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, რაც ამ ადგილს ადგილობრივებისა და სტუმრებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცეპრემიერის თქმით, რეგიონებში ხშირი გასვლა მნიშვნელოვანია როგორც პროექტების მონიტორინგის, ისე მოსახლეობასთან დიალოგის თვალსაზრისით, რაც ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილზე არსებული საჭიროებების გაგებასა და ბიუჯეტების უკეთ დაგეგმვაში ეხმარება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს აღმამედლო-კასუმლო-ულაშლოს გზის რეაბილიტაცია. მათივე ცნობით, პროექტი ივლისის ბოლოს დასრულდება.