როგორ მიმდინარეობს საჩხერე-ონის ახალი გზის მშენებლობა? (ფოტო/ვიდეო)

3541

წინა სტატია

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დაიწყო, აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამუშაოები დაწყებულია როგორც საჩხერის, ისე ონის მუნიციპალიტეტის მხრიდან.

საჩხერე-ქვემო ხევი-უზუნთას საავტომობილო გზის შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ40,9-კმ48,6) რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 2 თვის წინ დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “NEW ROAD” ახორციელებს.

აღნიშნული გზა ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე კილომეტრზე, სოფლების – უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და მთავრდება სოფელ კვაშხიეთში. გზის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დაუსახლებულ ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

“არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20 888 888 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდება”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზა, დაახლოებით, 52 კმ-მდე სიგრძის იქნება. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი და ზუდალი. საბოლოოდ, გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ონიდან 5 კილომეტრით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული.

რაც შეეხება ქვემო ხევი-უზუნთას მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციას, მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “მამისონი” ახორციელებს. კომპანია აღნიშნულ 5-კილომეტრიან მონაკვეთზე გზისა და 3 ხიდის რეკონსტრუქციის სამუშაოებს განახორციელებს.

“ამ დროისთვის, ზემო იმერეთი-რაჭის გზის პროექტის პირველი ლოტის 2.5 კმ-ზე სამუშაოები დარსულებულია, ხოლო მე-2 და მე-6 ლოტებზე სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება დანარჩენ მონაკვეთებს, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს“, – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საჩხერე-ონის გზის მშენებლობას ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IGH უწევს.

უწყების ცნობით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს თითქმის 2 საათით შეამცირებს.

“ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკნომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით. ახლა საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ), დაახლოებით, 2 საათია. ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში”, – ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.