მთიან აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტები დაემატა

1318

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს წელს საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საფეხმავლო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ.

მათივე ცნობით, ახალი ტურისტული მარშრუტების და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხულოში გამართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

“ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება დასრულებულია. მოგზაურებს 3 დღიანი წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე შეეძლებათ. ამას ემატება არსებული ტურისტული მარშრუტებიც, რომელთა განვითარებაც ეტაპოპრივად ხორციელდება”,- აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

ახალი ტურისტული მარშრუტებია: ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი; ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი;  ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი; გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის ტურისტული მარშრუტი;

ამასთან, როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, წელს, ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის დეტალური კვლევა და ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადება იწყება.