ფოთის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადა, შესაძლოა, კვლავ გაჭიანურდეს

879

წინა სტატია

ფოთის თეატრის დირექტორის თენგიზ ხუხიას თქმით, თეატრის სარეაბილიტაციო პროექტში ხარვეზები გამოვლინდა, რამაც სამუშაოების ვადა, შესაძლოა, კიდევ გააჭიანუროს. მისივე ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების განხორციელებისას პრობლემებს წააწყდა, რომელთა მოგვარებაც პროექტით გათვალისწინებული არ არის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ხუხიას თქმით, შეხვედრა თეატრის ხელმძღვანელობას, მშენებლებსა და მერიის წარმომადგენლებთან უკვე შედგა და აღნიშნული საკითხი განიხილეს.

“თეატრის შენობაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პირველ რიგში უნდა მოახდინოს იმის დემონტაჟი, რაც გამოსაცვლელია. გუშინ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ დამატებით გამოჩნდა ბევრი ხარვეზი. ამიტომ გადაწყდა, რომ კიდევ ერთხელ გადახედავენ ყველაფერს და დადებენ იმ სურათს, რაც რეალურია. შეცდომა, რომელიც ამ შენობის მშენებლობისას იქნა დაშვებული, უნდა გამოსწორდეს,“- განაცხადა თენგიზ ხუხიამ.

როგორც ირკვევა, თანხები მხოლოდ შენობის დემონტაჟისთვის არის გამოყოფილი, სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსები კი ჯერაც არ არის მოძიებული.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ყველაფერს შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაციის პროექტის ტექნიკური დავალებების მომზადების პროცესში, საპროექტო ჯგუფთან ერთად ჩართული იყვნენ თეატრის წარმომადგენლები. მათი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საპროექტო დავალება. დღეს თეატრის წარმომადგენლებს აქვთ დამატებით წინადადებები, რაც აგრეთვე იქნება შესწავლილი და სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,“- აღნიშნეს მერიაში.

ფოთის თეატრის მშენებლობა ცხრა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 12 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა, თეატრში არაერთხელ ჩამოვიდა წყალი, ორი წლის წინ კი ჭერი ჩამოინგრა. შენობა ავარიულია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. თეატრალური დასი მუშაობას ფოლკლორის ცენტრის შენობაში აგრძელებს.