“ქართული ოცნების” შტაბი: განცხადებები უბნებისთვის სამაგიდო სიებისა და ბეჭდების გადაცემაზე თითიდან გამოწოვილია

857

ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა ზუგდიდის საოლქო კომისიაში 14 მაისს მომხდარს, კერძოდ, სამაგიდო სიებისა და რეგისტრატორების ბეჭდების უბნებზე გადაცემის შემდეგ მომხდარ მოვლენებს. ინფორმაციას ლაივრპრესი ავრცელებს.

“ეს არის მცდელობა “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რომ მოახდინონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, კონკრეტული და ნათელი განმარტებები გააკეთა ცენტრალურმა სარჩვენო კომისიამ. რომ არცერთი ნორმატიული აქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და კომისია მოქმედებსა რეგლამენტით გათვალისწინებული მუხლებით, თუმცა იმისათვის, რომ არ იყოს რაიმე შეკითხვა “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელახლა დაამზადებენ ბეჭდებს და ხელახლა გადაუგზავნიან უბნებს.

ვთვლი, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა, ნათელია,რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს იგებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას მშვიდად შევხვდეთ ამ პროცესს ის აჟოტაჟი, რომელსაც ტეხავს „ნაციონალური მოძრაობა“, განპირობებულია, იმით, რომ აქვთ უშინაარსო და უშედეგო საარჩევნო კამპანია, ჩვენ ნათლად ვხედავთ რომ ამ არჩევნებს დამაჯერებლად ვიგებთ და 19 მაისს ვიზეიმებთ გეგა შენგელიას გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, გვიან ღამით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვაამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრების თქმით, ეს იყო არჩევნების გაყალბების მცდელობა. რასაც საოლქო კომისია უარყოფს.
დღეს, გაერთიანებული ოპოზიცია საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი მოითხოვენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის გადადგომას.

თავის მხრივ, ცესკოც ირწმუნება, რომ საოლქო კომისიას კანონი არ დაურღვევია. თუმცა რეგისტრატორის ბეჭდებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ რადგან იყო “სპეკულაციები”, ბეჭდებს შეცვლიან.

ამასთან, დღეს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციას გამართა. აქციაზე გუშინ განვითარებული მოვლენების გამო შეკრებილები საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომას და მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. მათივე თქმით, ოლქში არჩევნების გაყალბება იგეგმებოდა, რისი საშუალებაც არ მისცეს.