ცესკო: ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესებს ვაკვირდებით

161

გუშინ, ზუგდიდის ოლქში გაურკვევლობა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის – კერძოდ, სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემის პროცესმა. გაკეთდა განცხადებები, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევას, რაც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ინვენტარს და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში უბნების რაოდენობის მიხედვით  ეს პროცესი  განაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს საჯაროდ და გამჭვირვალედ.  კანონის შესაბამისად, სიების საბოლოო ვერსიის (მათ შორის სამაგიდო ვერსიის) გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (ანუ, ამ შემთხვევაში ამ დოკუმენტაციის გადაცემა 17 მაისამდე უნდა მოხდეს). ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდებიც და რეგისტრატორების ბეჭდებიც დალუქულია კანონის შესაბამისად და მათი გახსნა მოხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროს და მათი რამე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ინვენტარისა და დოკუმენტაციის გადაცემა ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს და აბსოლუტურად კანონიერი პრაქტიკაა არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა საარჩევნო ოლქებშიც.

ამის მიუხედავად, რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოს საარჩევნო ოლქის მიერ უბნების სათანადო ინვენტარითა და დოკუმენტაციით აღჭურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან – საოლქო კომისიაში დაბრუნებისა და მათი მოგვიანებით, – ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.

ამასთან, დამატებით, ყოველგვარი ეჭვისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭედებს მთლიანად შეცვლის”, – აცხადებენ ცესკოში.

მათივე ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს არჩევნების ადმინისტრირებას მაღალი სანდოობითა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ გამჭვირვალობასა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას და ნებისმიერ დროს მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს თუ გარეშე პირებს, რომ პატივისცემით მოეკიდონ არჩევნების პროცესს და ნუ შეეცდებიან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ადმინისტრირების პროცესის შესახებ. მსგავსი ფაქტების გამოსარიცხად,  ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად გააგრძელებს საზოგადოებასთან კომუნიკაციას  წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, გვიან ღამით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრების თქმით, ეს იყო არჩევნების გაყალბების მცდელობა. რასაც საოლქო კომისია უარყოფს.