ოპოზიცია ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დასაკავებლად პოლიციას ვადას დღის ბოლომდე აძლევს

789

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, თუ დადიანების ეზოში მომხდარი ინცინდენტის მონაწილეებს პოლიცია არ დააკავებს, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“იმის მაგივრად, რომ დააკავონ დამნაშავეები და მიდიოდეს საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხვაზე ჰყავთ ჩვენი ფოტოგრაფი. ამიხსნეს, რომ არის დაკითხვაზე, როგორც დაზარალებული, მაგრამ მე მინდა, რომ პოლიციის უფროსი, რომელიც არის უშუალო მფარველი, რადგან რამდენიმე ეს პირი დიდი ხანია უკვე იდენტიფიცირებულია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ის ძალადობს და ის ერთ-ერთი დამრბევია მშვიდობიანი შეხვედრების და მე ვაფრთხილებ პოლიციის უფროსს, რომ თუ დღეს დღის ბოლომდე ეს ადამიანები არ იქნებიან დაკავებულები, ჩვენ მოვაწყობთ ძალიან დიდ აქციას და არ შევეშვებით, სანამ ეს ადამიანები არ წარდგებიან კანონის წინაშე“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა კობა ნაყოფიამ.

ის დღეს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ადვოკატ მირანდა გოგოხიასთან ერთად იმყოფებოდა.

ამასთან, დღეს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე, რომელსაც ოპოზიციის განცხადებით, დღეს დადიანების ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გაერთიანებული ოპოზიციის ადვოკატ მირანდა გოგოხიას განცხადებით, ამ ეტაპზე დასრულდა ფოტოგრაფ ზურაბ ცერცვაძის გამოკითხვა დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. უფლებადამცველის თქმით, ფოტოგრაფს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ დადიანების ეზოში დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, არავის მისცემენ საშუალებას, დეზინფორმაციით და პროვოკაციებით მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია. მისივე თქმით, ყველა ექსცესს დეტალურად გამოიძიებენ და დამნავეები, პოლიტიკური კუთვნილებისგან განურჩევლად მიეცემიან პასუხისგებაში.