მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების მშენებლობას იწყებს

1115

სტატიის გაგრძელება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების მშენებლობას იწყებს.

პროექტის მიხედვით, გადმოსახედები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სათანადოდ შერჩეულ ადგილებში – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ანდა გზების მიმდებარე, ტურისტულად მიმზიდველ ისეთ ადგილებში მოეწყობა, საიდანაც შორეული ხედები იშლება.

“საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია. ყოველ წელს იზრდება ქვეყანაში შემოსული ტურისტების რიცხვი. სულ უფრო აქტიური ხდება შიდა ტურიზმიც. ტურისტებსა და მოგზაურებს შთაბეჭდილებებს არამხოლოდ ტურისტული ობიექტები, არამედ გზების პირას განთავსებული ფუნქციური ნაგებობებიც და უბრალოდ განსაკუთრებული ლანდშაფტის მქონე ადგილებში მოწყობილი გადმოსახედებიც უქმნიან”, – განმარტავენ ფონდში.

მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის განხორციელებას სტუდენტების ჩართულობით გეგმავს, რისთვისაც უკვე გააფორმა მემორანდუმი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან და  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტები შეადგენენ გადმოსახედი მოედნების ესკიზურ პროექტებს, რომელთაგან საუკეთესოებს შეარჩევს სპეციალური კომისია. შერჩეული ესკიზური პროექტების ავტორი სტუდენტები ჩაერთვებიან გადმოსახედების მშენებლობის პროცესში და ამ სახით სტაჟირებას გაივლიან მუნიციპალური განვითარების  ფონდში. ამით პროექტში ჩართულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება განვითარდნენ პროფესიულად და შეიძინონ სათანადო პრაქტიკული გამოცდილება.