გიორგი გახარია: არავის მივცემთ საშუალებას, დეზინფორმაციით და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია

1270

არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა.

გახარიამ ყველას არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ჟურნალისტებმა გახარიას განუცხადეს, რომ არჩევნებზე მომხდარი დაპირისპირების შემთხვევებზე ის გამოძიების დაპირებას იძლევა, თუმცა რეალურად ამ საქმეების გამოძიება იწელება, რაზეც გახარიამ განაცხადა, რომ ის დაპირებას ყოველთვის ასრულებს.

“მე რასაც ვპირდები, იმას ყოველთვის ვასრულებ, როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენი გუნდის წევრებსაც. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, წყნარად, მშვიდად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესი, ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში გამოხატონ, რასაც რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს”, – განაცხადა გახარიამ.