ონის სოფელ უწერასა და სოფელ სორში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

1201

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერასა (ჟამიერეთის უბანი) და სოფელ სორში მდინარე რიონზე კალაპოტის გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში მდინარე რიონის ადიდებისას, არსებობდა საკარმიდამო და სახნავ-სათესი ნაკვეთების დატბორვის საფრთხე.

“პროექტის შესაბამისად, სტიქიის პრევენციისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელდება შესაბამისი ნაპირსამაგრი ღონისძიებები. კერძოდ, გაიწმინდება მდინარის კალაპოტი, უწერა (ჟამიერეთის უბანში) არსებული დაზიანებული გაბიონის მიმდებარედ მოწყობა ახალი ქვანაყარი ბერმა და დამატებითი გაბიონი. ასევე, გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის ხიდის მოწყობა და ეკლესიამდე მისასვლელი ძველი გზის აღდგენა. ხოლო სოფელ სორში დატბორვის თავიდან ასაცილებლად მოეწყობა ქვანაყარი ბერმა”, – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 835 500 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.