სოფელ გლდანში 26 მაისის ქუჩაზე წყალარინების ქსელს აკეთებენ

779

გლდანის რაიონის გამგეობამ სოფელ გლდანში 26 მაისის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო.  პროექტის შედეგად, დაახლოებით, 1 356 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყობა.

“გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა რაიონში წყალარინების ქსელების არარსებობა, რა მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. აღნიშნული პრობლემა უკვე არაერთ მისამართზე მოგვარდა. 26 მაისის ქუჩაზე მოსახლეობას შევხვდით და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. გარდა ამისა, წყალარინების ქსელი ბერთუბანშიც ეწყობა. აღნიშნულ დასახლებებს წყალარინების ქსელი აქამდე არ ჰქონია, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს “მეოხი’’ აწარმოებს, მიმდინარე წლის ივლისში უნდა დასრულდეს. მათივე ცნობით, წყალარინების ქსელის მოწყობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 279 885 ლარია გათვალისწინებული.