ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავების შესყიდვაზე ტენდერი მაისში ხელახლა გამოცხადდება

3

როგორც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ განაცხადა, ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავების შესყიდვაზე ტენდერი მაისში ხელახლა გამოცხადდება. მისი თქმით, პირობები უფრო დახვეწილია. ინფორმაციას  BM.GE ავრცელებს.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის ივნისში იმ კომპანიის სახელწოდება გახდება ცნობილი, ვინც ღამის ეკონომიკის სტრატეგიას შეიმუშავებს, ხოლო შემოდგომაზე კვლევის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება.

“ჩვენ კონსულტანტმა მომავალი რამდენიმე თვის სამოქმედო გეგმა უნდა დაგვიწეროს, ღამის ეკონომიკა როგორ უნდა განვითარდეს და ძირითადად რა დარგების განვითარება უნდა მოხდეს.

ეს ღამის საათებში მომუშავე მოქალაქეების სტატისტიკის მოძიებას უკავშირდება, რომ ჩვენ საბაზისო ინფორმაცია გვქონდეს, რათა ქმედებების რეალური შეფასება შევძლოთ,“ – აღნიშნა ბასილაიამ.

რამდენიმე თვის წინ ანდრია ბასილაია “BM.GE-თან” აცხადებდა, რომ ტენდერი 2018 წლის ბოლოს იყო გამოცხადებული, თუმცა არ შედგა.

ღამის ეკონომიკის განვითარება თბილისის მერის კახა კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. თბილისის მერის თქმით, ღამის ეკონომიკა გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება. ამ პროცესში კი მისი თქმით, სხვადასხვა მიმართულებაა ჩართული, მათ შორის, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, კულტურის ინდუსტრია, ვაჭრობა და სხვა.