გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

1118

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

მათი ინფორმაციით, კობში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის პროექტირება და მშენებლობაა გათვალისწინებული. ავტოსადგომი გათვლილი იქნება 680 მსუბუქი ავტომობილისთვის, 15 მიკროავტობუსისთვის და 5 ავტობუსისთვის. ასევე, პროექტი  სველი წერტილებისა და კაფეტერიის, თხილამურების გაქირავებისა და შესანახი ოთახების მოწყობასას ითვალისწინებს.

ხოლო, რაც შეეხება დაბა გუდაურს აქ მრავალფუნქციური ერთდონიანი 200 მანქანაზე და 2 ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში სველი წერტილების, თხილამურების გაქირავებისა და შესანახი ოთახების მოწყობაც იგეგმება.

ასევე, ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება ბაკურიანშიც.  ტენდერი გამოცხადდა 1 100 ავტომობილზე (მათ შორის, 980 მსუბუქ ავტომანქანაზე, 80 მიკროავტობუსზე და 40 ავტობუსზე) გათვლილი ავტოსადგომის პროექტირება და მშენებლობაზე. პირველ ეტაპზე განხორციელდება პროექტირების სამუშაოები, ხოლო შემდეგ ეტაპზე მშენებლობა.

სამივე ავტოსადგომი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

როგოც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ. პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და პიკურ პერიოდში დამსვენებელთა გაზრდილი რაოდენობის გამო კურორტებზე არსებული პრობლემების აღმოფხვრას.