გორის მერია გამარტივებულ შესყიდვებზე ნებართვას ითხოვს

1093

გორის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან შპს “ბილდინგ გრუპთან” ორი ხელშეკრულების უტენდეროდ გასაფორმებლად თანხმობას ითხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ერთ-ერთი ხელშეკრულების მიხედვით, რომლის ღირებულებაც 53 ათასი ლარია გორის მერია სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას აპირებს. კონკრეტულად კი სველი წერტილების, კარ – ფანჯრების, შიდა სპორტული მოედნების, ჭაბურღილი, გათბობის სისტემის რეაბილიტაცია/მოწყობას.

აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 31 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო თანხა 1  770 000 ლარს, ხოლო საპროექტო მომსახურების ღირებულება კი 53 000 ლარს შეადგენს.

ხოლო მეორე, 6 000 ლარიან  ხელშეკრულების ფარგლებში, მერიას 2019 წელს განსახორციელებელი ამბულატორიების კოსმეტიკური რემონტის, სახურავის და ფასადის სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო – სახარჯათაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება სურს.

დოკუმენტი 31.07.2019 წლამდე პერიოდს მოიცავს, პასუხი კი მერიას თანხმობის შესახებ ჯერ არ მიუღია.

კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გამარტივებულ შესყიდვას 5000 ლარამდე ღირებულების საგანზე/მომსახურებაზე გულისხმობს. სხვა შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია დაასაბუთოს, რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობა და არგუმენტებით წარმოადგინოს პოზიცია გამარტივებული შესყიდვის საჭიროების შესახებ.