აღმოაჩინე უცნობი მემკვიდრეობა – ოზურგეთში გამოფენა და ფილმის ჩვენება გაიმართება

1909

პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, 13 მაისს, 15:00 საათზე, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გამოფენა გაიმართება. გამოფენის პარალელურად, ისტორიკოსები – ირაკლი ხვადაგიანი და დავით ლოსაბერიძე მცირე ლექციებს ჩაატარებენ, რის შემდეგაც გამოფენის მონაწილეები დოკუმენტურ ფილმს – “ინიციატივა არ ისჯება” ნახავენ.

ფილმში XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებული თვითმმართველობების, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების შესახებ უნიკალური ისტორიებია გადმოცემული. ის დაეფუძნა “სათემო განვითარების ცენტრის” კვლევას, რომელმაც, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, გააანალიზა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში სათემო, საზოგადოებრივი ინიციატივების ისტორია და თვითორგანიზების გამოცდილება.

გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული; მასალები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ – საარჩევნო სიები და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები.  გამოფენაზევე დარიგდება დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი – “ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ” და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი – “ერობა”.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ წარმოდგენილ მასალებზე ისტორიკოსებმა, დავით ლოსაბერიძემ, ირაკლი ხვადაგიანმა და ირაკლი ირემაძემ იმუშავეს.

ექსპოზიცია იმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გამოფენას მხარს უჭერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გამოფენის პარტნიორია საქართველოს ეროვნული არქივი, რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორი კი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაა.

ანალოგიური გამოფენა უკვე გაიმართა თელავში. ორგანიზატორთა ცნობით, უახლოეს დღეებში გამოფენა ქუთაისშიც გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.