რეგფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისისთვის წლის ბოლომდე 252 მილიონი დაიხარჯება

1323

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან დაფინანსებულ  210  პროექტზე ამ დროისთვის სხვადასხვა სახის სამუშაო მიმდინარეობს. საერთო ჯამში კი, რეგფონდის ბიუჯეტის ფარგლებში, წლის ბოლომდე, 564 ინფრასტრუქტურულ პროექტზე სულ 252 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, 1 მაისის მონაცემებით, ქვეყნის 57 მუნიციპალიტეტში, 191 მილიონი ლარის  371 პროექტზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ხელახალი ტენდერის გამოცხადება კი, ამ ეტაპზე, მხოლოდ 8 პროექტზე გახდა საჭირო.

“რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდის ფარგლებში მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები. მას შემდეგ რაც საკრებულოებმა ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შერჩეული 4 801 პროექტი დაამტკიცეს, დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტების  სამშენებლო ეტაპი და 28 პროექტი დუშეთის, მცხეთის, ქარელის, ხაშურის, დედოფლისწყაროს და მარნეულის მუნიციპალიტეტებში დასრულდა კიდეც.

ამასთან, წელს პირველად სტიქიის პრევენციის ღონისძიებებს რეგფონდი 20 მილიონი ლარით აფინანსებს. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტების გაწმენდა, ნაპირსამაგრი კედლების გამაგრება-რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა.

ცალკე, ქვეპროგრამის ფარგლებში, 6,2 მილიონი ლარით განხორციელდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობა. ტენდერები უკვე გამოცხადაა სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში”, – განმარტავენ სამინისტროში.