ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღსა და ეკატერინეს სასახლეს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღადგენს

1383
დადიანების სასახლე

წინა სტატია

მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარებაა დაგეგმილია, მათ შორისაა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა და ეკატერინე დადიანის სასახლის რეაბილიტაცია, ასევე, ზუგდიდის ბიბლიოთეკისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების და ღობის რეაბილიტაციას, წყალმომარაგების, სარწყავი, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემების მოწყობას და ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებას ითვალისწინებს. გაკეთდება სასეირნო ბილიკები, ასევე, აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. სამუშაოები 2018 წლის დასაწყისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

პროგრამის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაცია. სასახლე გამოირჩევა, როგორც არქიტექტურულ-მხატვრული, ისე ისტორიულ მემორიალური მნიშვნელობით. მის სივრცეში ექსპონირებული დადიანთა ნივთები, ინვენტარი, რელიქვიები და საგანძური აცოცხლებს დადიანების საყოფაცხოვრებო გარემოს და მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინეს სასახლეში ჭერი 1 მარტს ჩამოინგრა, რის შედეგადაც 10 ნივთი დაზიანდა. დაზიანებულ ექსპონატებს რესტავრაციას ჩაუტარებენ, თუმცა დაზიენებულ ჭერს სასახლის რეკონსტრუქციამდე არ შეაკეთებენ, როგორც მარტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ირწმუნებოდა, სასახლის რეკონსტრუქციას ფონდი “ქართუ“ აპრილში დაიწყებდა. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქციას ფონდი “ქართუ“ აღარ დააფინანსებს. სასახლის რეკონსტრუქციის დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

დადიანების ბაღსა და სასახლეთა კომპლექს 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო 2015 წელს მთავრობის დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პროცესში მუზეუმში დაცული ყველა ექსპონატს უსაფრთხო ადგილას, ფონდ “ქართუს” მიერ რეაბილიტირებულ ნიკოსეულ სასახლეში გადაიტანენ.

“ქალაქ ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის”, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.