ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქციას ფონდი “ქართუ“ აღარ დააფინანსებს

249

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, რომელსაც ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლედ მოიხსენიებენ, რეკონსტრუქციას ფონდი “ქართუ“ აღარ დააფინანსებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის დაიწყება სასახლის რეკონსტრუქცია, სადაც ერთ-ერთ დარბაზში ჭერის ნაწილი ჯერ კიდევ მარტში ჩამოიშალა და დადიანების ჭურჭლის ნაწილი დააზიანა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, სასახლის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა ჩაიბაროს. თუმცა, ანთიძე მარტში ირწმუნებოდა, რომ სასახლის რეკონსტრუქციას ფონდი “ქართუ“ აპრილში დაიწყებდა.

“თავიდან იყო საუბარი, რომ “ქართუ“ დააფინანსებდა. ახლა გადაწყდა, რომ სასახლეში სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ჩვენ გავაკეთეთ პროექტირება. უახლოეს დროში გამოცხადდება ტენდერი. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ჩართული იქნება მხოლოდ მონიტორინგის პროცესში“, – განაცხადა ანთიძემ.

რატომ შეიცვალა დაფინანსების წყარო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, ვერ აკონკრეტებენ. მუნიციპალური განვითარების ფონდში კი განმარტეს, რომ ზუგდიდის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის რეკონსტრუქციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან სულ რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

როდის დაიწყება  სასახლის რეკონსტრუქცია უცნობია.