სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული 28 პროექტი უკვე დასრულდა

192

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება, მას შემდეგ, რაც საკრებულოებმა ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შერჩეული 4 801 პროექტი დაამტკიცეს, ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოების ნაწილი უკვე დაიწყო და ზოგიერთი მათგანი დასრულდა კიდეც, – ამის შესახებ ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, ხელშეკრულება გაფორმებულია 4.85 მილიონი ლარის ღირებულების 435 პროექტზე. მათ შორის, 28 პროექტი უკვე დასრულდა დუშეთის, მცხეთის, ქარელის, ხაშურის, დედოფლისწყაროს და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გარეგანათება, სანიაღვრე არხები და წყლის სისტემები მოწესრიგდა. ასეევე კეთილმოეწყო სასაფლაოები და მოხრეშა გზები. სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი გრძელდება და 2020 წლამდე ყველა პროექტის დასრულება იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლის 1 იანვრიდან აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობას 1 მარტამდე უნდა შეერჩია. თავდაპირველად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 20 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა გამოიკვეთა პროგრამის გაზრდის საჭიროება. მთავრობის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. 5-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით ნაწილდება. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით).

მოსახლეობის მიერ არჩეულ განსახორციელებელ პროექტებს შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; წყაროს მოპირკეთება; საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა; ხიდის შეკეთება; გარე განათების მოწყობა; სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და წყლის შეყვანა; ბიბლიოთეკისა და მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია; გმირთა მემორიალის მოწესრიგება და კულტურის სახლის შეღებვა; საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა; სავარჯიშო ადგილის მოწყობა და სხვა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.