ანგარიში: თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვია

1439

თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს ეხება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

დოკუმენტში საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე, სადაც ნათქვამია, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს: სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევა – მრეწველობისა და მშენებლობის ობიექტებიდან მავნე ნივთიერებების ემისია და მოძრავი წყაროებიდან წარმოქმნილი გაფრქვევები – ჰაერის დაბინძურება მავნე ნივთიერებებით ავტოტრანსპორტის მიერ.

“განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე წყარო, ვინაიდან: საავტომობილო გაფრქვევები მთლიანი გაფრქვევების 71 პროცენტს შეადგენს და ამავდროულად, ქვეყანაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37 პროცენტი თავმოყრილია თბილისში. დედაქალაქში, როგორც ტრანზიტულად მოძრავი, ისე მუდმივად მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისში საქმიანობს და ძირითადად, ავტომობილის ექსპლუატაციას უკავშირდება. აუდიტის დასკვნა ყურადღებას სწორედ დედაქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებაზე ამახვილებს.

ამასთან, თბილისის მერიის განცხადებით, 2019 წლის ბოლომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი, თანამედროვე საშუალებებით ჩანაცვლდება, თუმცა ზეპირი მოსმენებისას გაურკვეველი დარჩა, არსებობს თუ არა ძველი, ე.წ. ყვითელი ავტობუსების, უტილიზაციის გეგმა. ყვითელი ავტობუსების ძირითადი ნაწილი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა. ამდენად, ჩანაცვლების შემდეგ, ეს უვარგისი ავტობუსები მოხმარებიდან უნდა ამოიღონ (თუ შეკეთებას არ ექვემდებარებიან) და საქართველოს სხვა ქალაქებში არ უნდა გადაიტანონ.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ავტოპარკის 90 პროცენტზე მეტს 10 წელზე უფრო ძველი ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეადგენს, რაც საგანგაშო და სერიოზული პრობლემაა. ამასთან, თემატური მოკვლევისას აღინიშნა, რომ მაღალი მოცულობის ძრავის ავტომობილებში მფლობელები ხშირად გაზის სისტემას ამონტაჟებენ. აღნიშნული სისტემები უმეტესწილად გაუმართავია, მეტ გამონაბოლქვს გამოყოფს და გარემოს უფრო აბინძურებს. გამოთქმული მოსაზრებით, ხუთ წელზე ძველ ავტომობილებს განბაჟების უფრო მკაცრი პირობები უნდა დაუწესდეს, რაც განბაჟების გადასახადის ზრდასაც მოიცავს. ასევე, მიზანშეწონილია მაღალი მოსაკრებლის დაწესება დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის კომიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებას იზიარებს და რეკომენდაციას გასცემს, რომ მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობაზე, ასევე, ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგი გამკაცრდეს.

ამასთან, კომიტეტი შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მიმართავს, კომიტეტს ორი თვის ვადაში წარუდგინოს სამომავლო ხედვა იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ თემატური მოკვლევის ანგარიში მოამზადა. ანგარიში ბიუროს სხდომას, სავარაუდოდ, 6 მაისის წარედგინება.