აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძე დაინიშნა

107

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძის კანდიდატურა შეარჩია.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას თქმით, რუსლან აბაშიძე გამოცდილი დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტია, რომელმაც შესანიშნავი ხედვა წარადგინა.

“პოლიტიკოსის უმთავრესი მიმართულება რა გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?! შერიგების პოლიტიკა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან. ჩვენ ალბათ ბატონ ხაჯინბას ვერასდროს შევურიგდებით, მაგრამ აფხაზ ხალხს აუცილებლად უნდა შევურიგდეთ. ბატონ რუსლანს აქვს შესანიშნავი პროგრამა, რომლის განხორციელება საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე შეუძლებელია”, – განაცხადა ჟურნალისტებთა ჯემალ გამახარიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობაში ახალი, მოადგილის შტატი იქმნება. რუსლან აბაშიძეს კი დანიშვნის შემდეგ კაბინეტის დაკომპლექტების საშუალება ექნება.

როგორც თავად რუსლან აბაშიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში იგი სამოქმედო გეგმას წარადგენს და საკუთარი კაბინეტის დაკომპლექტებას შეუდგება.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ნაწილი აპროტესტებს, რომ აფხაზეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე ხელისუფლებამ რუსლან აბაშიძე მათთან შეთანხმების გარეშე შეარჩია. მათი თქმით, აბაშიძის კანდიდატურის არჩევა ცენტრალურმა მთავრობამ მოითხოვა.

“ჩემთვის პროცედურა და ანგარიშის ასე არ გაწევა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსადმი, აბსოლუტურად მიუღებელია. გვითხრეს, ეს გადაწყვეტილება არის მიღებული და თქვენ უბრალოდ კენჭი უყარეთო. მე მინდა ვიცოდე, ვინ მოდის, რით მოდის, რა პროგრამა აქვს. პროგრამაც კი არ წარმოუდგენია და ამ დროს ამბობენ, დაჩქარებული წესით დაამტკიცეთო,” – განაცხადა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ნუგზარ მგალობლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გადადგომის შესახებ განცხადებით აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ოფიციალურად მიმართა.

რუსლან აბაშიძე ამ დრომდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.