გლდანის რაიონში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციას 15 მილიონი მოხმარდება

1156

გაგრძელება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონამდე დაიხარჯება, ხოლო “GWP” სამ მილიონ ლარს გამოყოფს.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიური, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარეგანათების ქსელსა და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ მოექცევა. ასევე, ორივე ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი და 22 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

“თავისი მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები აქამდე არასდროს გამოცვლილა. გზის საფარის სიგრძე ორივე ქუჩაზე, დაახლოებით, რვა კილომეტრია, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. როდესაც ავტომობილით გადაადგილდები, კარგად ჩანს, რომ ბევრია ისეთი მონაკვეთი, სადაც გზა ჩავარდნილია. ეს იმის გამო, რომ კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაშია და გზის გამორეცხვა ხდება. შესაბამისად, სანიაღვრე თუ წყალარინების სისტემები, ასევე, გარეგანათების ბოძები და ტროტუარები მთლიანად მოწესრიგდება. სამუშაოებს, რომელიც 24 საათის განმავლობაში იწარმოებს, დაახლოებით, ექვსი თვე დასჭირდება. აქვე მინდა, მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო, რადგან რეაბილიტაციის დროს გარკვეულწილად, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას.