მცხეთა-მთიანეთის კიდევ ოთხი სოფლის მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება

1336

ქართული და ამერიკული მხარეების თანამშრომლობით, მცხეთა-მთიანეთში წყალმომარაგება კიდევ ოთხი სოფლის მოსახლეობას გაუუმჯობესდება.

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში – კოტორაანთკარში, ანანურში, ციხისძირში და გორანაში სასმელი წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სოფლებში სათავე ნაგებობები, ჭაბურღილები და მაგისტრალური ქსელი მოეწყობა. შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება 407 300 ლარს შეადგენს.

წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი “ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით, ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის “LDS Charities” დაფინანსებითა და მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პრინციპით.

როგორც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ აღნიშნა, წყალმომარაგება რეგიონის კიდევ ოთხი სოფლის მოსახლეობას გაუუმჯობესდება.

“ქართული და ამერიკული მხარეების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად წყალმომარაგება რეგიონის კიდევ ოთხი სოფლის მოსახლეობას გაუუმჯობესდება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს თანადგომისთვის და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოვხატო“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით წყლის პროექტები არმაზის დასახლებაში, ქსოვრისში, ახალდაბაში, აღდგომლიანთკარში, ბიწმენდში, ნავდარაანთკარში, ოძისში, ბულაჩაურში, ჩანადირთკარში, ჟებოტაში და თეგერაანებში განხორციელდა.