ზუგდიდის მერობის კანდიდატი “ლაივპრესს”: საერთოდ რომ დაგელაპარაკეთ, მადლობა მითხარით

1124

წინა სტატია

ზუგდიდის მერობის სამი ქალი კანდიდატიდან ერთ-ერთი “ქრისტიან-კონსერვატორების” მერობის კანდიდატი, თბილისში მცხოვრები ნანი ხუციძეა. ხუციძის თქმით, მერად კენჭისყრა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მუნიციპალიტეტი უფრო უკეთესი გახადოს. ამბობს, რომ რაც ზუგდიდში დღეს ხდება, არ მოსწონს, მაგრამ რის შეცვლას გეგმავს, არ უსაუბრია. მისივე თქმით, ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის წარმოებას გეგმაბს, თუმცა, როდიდან დაიწყებს, ჯერ არ იცის.

გამოცემა “ლაივპრესთან“ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და როცა მასალისთვის ფოტო სთხოვეს, განაცხადა: – “რაში გაინტერესებთ ვერ გავიგე. მე ჟურნალისტებთან საქმე რომ არ მაქვს, იცი? საერთოდ რომ დაგელაპარაკე, მადლობას არ მეუბნები? მეორედ აღარ დარეკო”.

მისი თქმით, პარტია, რომლიდანაც კენჭს იყრის, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტია და თავად იზიარებს მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის შეხედულებებს.

“ქალბატონ სანდრასაც ძალიან კარგად ვიცნობ და ვეთანხმები მას ბოლომდე. ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. თუკი ვინმე იქნება, ვისაც დავინახავ საქართველოში, თეთრი იქნება თუ შავი, რომელიც ცოტა უკეთესად აზროვნებს, ყველას გვერდში დავუდგები”, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

კითხვაზე,  რა არ მოსწონს და რაც შეცვლიდა ზუგდიდში ამბობს: – “მე რა ვიცი, ტელევიზორს ჩართავ, რადიოს მოუსმენ, თუ პრესაში ჩაიხედავ, ქრთამი აიღო, ეს გააკეთეს, ის გააკეთეს. ეს მოსაწონია?”

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის, რომელიც 19 მაისს გაიმართება, ამ ეტაპზე სულ 14 კანდიდატია დარეგისტრირებული. მათგან 11 პარტიამ, სამი კი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ამასთან, ცნობილია, რას სთავაზობენ ზუგდიდის მერობის მსურველი დამოუკიდებელი კანდიდატები ამომრჩევლებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა 12 სექტემბერს თანამდებობებიდან გადადგნენ. ორი თვის შემდეგ გოგია და გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია.