კოჯორში საყრდენი კედლის მშენებლობისთვის 140 ათას ლარამდე იხარჯება

1243

კოჯორში სკოლის ქუჩაზე სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, 90 გრძივი მეტრი საყრდენი კედელი შენდება. კედლის მოწყობისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 137 593 ლარი დაიხარჯება.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, არსებული, დაზიანებული კიბის ნაცვლად, ასევე, რკინა-ბეტონის ახალი კიბე მოეწყობა, კედლის მთელ პერიმეტრზე კი ლითონის მოაჯირი და მავთულბადის ღობე დამონტაჟდება.

სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “ინსტალ+“ აწარმოებს,

“მთაწმინდა რელიეფურად რთული რაიონია და გამგეობისთვის პრიორიტეტულია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც მოსახლეობის დაცულობას და ზოგადად, უსაფრთხო გარემო პირობებს უზრუნველყოფს. გასულ წელს, რაიონში გრუნტის დამჭერი 20-ზე მეტი კედლის მშენებლობა განვახორციელეთ და მიმდინარე წლისთვისაც იგეგმება მსგავსი მასშტაბური კედლების მშენებლობა“, – განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ.

გამგეობის ინფორმაციით, გრუნტის ჩამოშლის საფრთხის მოსახსნელად, წლის დასაწყისიდან გამგეობამ რაიონში სამი საყრდენი კედლის მშენებლობა უკვე დაასრულა, სკოლის ქუჩაზე კედლის მშენებლობა კი თვის ბოლოს დასრულდება.