მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის 4.5 მილიონი ლარი გამოიყოფა

1213

მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის 4.5 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ყველაზე მეტი თანხა საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყოფა. საუბარია 2 254 731 ლარზე, რომელიც სოფელ პერევში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას, სოფელ შომახეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაციასა და სოფელ ცხამში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას მოხმარდება.

ამასთან, 245 100 ლარის გამოყოფა იგეგმება ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის. თანხა სოფელ გოლათუბანში სკვერისა და სადგურის უბნის გზის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება. ხოლო, დუშეთის მუნიციპალიტეტი 450 ათასი ლარით დაფინანსდება და თანხა სოფელ მაღაროსკარში სკოლა-პანსიონის რეაბილიტაციას მოხმარდება.

ასევე, 447 740 ლარამდე თანხას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტი – სოფელ ქვემო ხვითის გზის რეაბილიტაციისთვის (სოფლის ცენტრიდან ზ.ხვითის მიმართულებით მისასვლელი გზა).

613 997 ლარით დაფინანსდება გურჯაანის მუნიციპალიტეტი, რაც სოფელ არაშენდასა და სოფელ დარჩეთის დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას მოხმარდება. მესტიის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის კი 481 048 ლარი გამოიყოფა და დაბა მესტიაში ჯაფარიძისა და სენაკის ქუჩებს მოაწესრიგებენ.