კალაძე: ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, ან ფირის ვაუჩერს აიღებენ, ან გადაღებვისას

751

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, რეფორმის ფარგლებში ტაქსის მძღოლებს ავტომობილების ვიზუალური მხარის არჩევის დროს ალტერნატივის შესაძლებლობა ექნებათ – გადაღებონ, ან გადააკრან თეთრი ფერის ფირი, -ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის განხორციელების აუცილებლობაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი არ გადავადდება.

“ჩვენ რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთლიანად ეს მიმართულება, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, იქნას მოწესრიგებული. ერთ-ერთი ამ პოლიტიკაში რა თქმა უნდა არის ის რეფორმა, რომელიც ტაქსებთან მიმართებაში ჩვენ გასულ წელს დავაანონსეთ და სრული ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას, რომ ეს რეფორმა შედგება რამდენიმე ეტაპისგან.

სამწუხაროდ, ამ რეფორმამ არასწორი ინტერპრეტაცია მიიღო პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რაც გულდასაწყვეტია, რადგან შეიძლება ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე, თუმცა მგონია, რომ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით და როდესაც ხალხისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, რა თქმა უნდა მანდ უნდა იყოს მხარდაჭერა. შეიძლება გარკვეულ საკითხებზე მოხდეს შესწორებები, მაგრამ ის დამოკიდებულება და ის მესიჯები, რასაც ჩვენ ვისმენდით ბოლო კვირების, ბოლო დღეების განმავლობაში, ნამდვილად არ არის მისაღები“, – განაცხადა კახა კალაძემ

დღესვე დედაქალაქის მერმა მძღოლებს მოუწოდა, რომ მათ, ვისაც უკვე აქვს ვაუჩერები აღებული, დროულად მიმართონ შესაბამის უწყებას, რათა მათი განაღდება მოხდეს.

“ჩვენ დავიწყეთ კომუნიკაცია და ამის პრობლემა არასდროს არ ყოფილა. ტაქსის მძღოლებმა შექმნეს სპეციალური საინიციატივო ჯგუფი, რამდენიმე შეხვედრა ვიცემერთან გაიმართა, ჩემთანაც, გუშინაც მქონდა რამდენიმე შეხვედრა. მათი მოთხოვნა იყო, რომ გარკვეული შეღავათები დაგვეწესებინა დროებით და ჩვენ რა თქმა უნდა გავითვალისწინეთ ამ ადამიანების მოსაზრებები.

პირველი მინდა, დავიწყო იმით, რომ რეფორმა განხორციელდება დ ამის გადავადებას და შეფერხებას საფრთხე არ ემუქრება და როგორც დაანონსებული იყო, აუცილებლად განხორციელდება. ასევე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, რაც იყო მოცემული -ვიზუალური მხარე, თეთრი ფერი, მერიის მიერ უფასო მანათლობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა ქალაქში, ეს ყველაფერი მათთვის უფასო იქნება, ასევე ინტერიერის ქიმიურ წმენდაზე ვაუჩერებს ვაძლევთ და ესეც უფასოა. ამას საინიციატივო ჯგუფის თხოვნით დაემატა ფირის გადაკვრა, ესეც უფასო იქნება. მძღოლებს ექნებათ ორი ალტერნატივა – უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ და უნდათ გადაღებვის ვაუჩერს, აქ ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს“,-განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიამ გაითვალისწინა მძღოლების კიდევ ერთი მოთხოვნა და მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2019 წლის ოქტომბრის ნაცვლად 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება.