10 მუნიციპალიტეტში მოსწავლეები საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობის ფორმებს სწავლობენ

970

ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში – რუსთავში, მცხეთაში, ლაგოდეხში, ხაშურში, ახალქალაქში, ზესტაფონში, ფოთში, ონში, ლანჩხუთსა და ქედაში ტრენინგები მიმდინარეობს. სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესს, თავისი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებსა და ბიუჯეტს ეცნობიან.

პროექტის – “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” განმახორციელებელია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის თვითმმართველობის პროგრამა, ხოლო დონორი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ). საგულისხმოა, რომ ანალოგიური პროექტი GIZ-ის ინიციატივით უკრაინასა და სომხეთშიც მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს გადაეცეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ ჩაერთონ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და მოსწავლეებმა მათთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები წარუდგინონ  ადგილობრივ ხელისუფლებას. პროექტის განხორციელებას მხარს უჭერენ შერჩეული მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოები.

პროექტის ფარგლებში, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლების ჩართულობით დაიგეგმა ტრენინგები, რომლებსაც GIZ-ის მოწვეული ტრენერები, რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, GIPA-ს ლექტორები – ლიზა სოფრომაძე და ნინო ლოლაძე უძღვებიან.

12-13 აპრილს ტრენინგები უკვე ჩატარდა მცხეთისა და ლაგოდეხის სკოლების მოსწავლეებისთვის. 16 აპრილს კი შეხვედრები ტარდება ხაშურისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში.

ტრენინგის მიზანია, გაუღვივოს მოსწავლეებს ინტერესი თანამონაწილეობის საკითხებთან დაკავშირებით და აღიქვან თანამონაწილეობა, როგორც სასარგებლო მექანიზმი ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების გადასაწყვეტად.

ტრენინგებზე განიხილება შემდეგი საკითხები: ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და პრინციპები; ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი; მოქალაქეთა თანამონაწილეობა თვითმმარველობის განხორციელების პროცესში; მოქალაქეთა თანამონაწილეობის ფორმები და მექანიზმები; მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობა და მისგან მიღებული სარგებელი;

ტრენინგში აქტიურად არიან ჩართული მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სხვა სამსახურების უფროსები. GIZ-ის მოწვეული ტრენერი და სამსახურის უფროსები მოსწავლეებს აცნობენ მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს. მოსწავლეები საბიუჯეტო პროცესში ჩართულობით დაინტერესდნენ და მერიასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ტრენინგის დასასრულს ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ კითხვარი, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, გამოთქვან მოსაზრება, თანამონაწილეობის რა ფორმაა მათთვის უფრო მისაღები, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტში მნიშველოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, რა იქნებოდა საუკეთესო გზა, მიეღოთ ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, ან განხორციელებული აქტივობების შესახებ, ასევე, ბიუჯეტის დაგეგმვისას რომელი საკითხები უნდა იყოს პრიორიტეტული მათ მუნიციპალიტეტში და რა სახის კულტურულ/შემოქმედებითი თუ სპორტული ღონისძიებების დაფინანსებას მოითხოვდნენ მერიისგან.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, რომ ტრენინგების შემდეგ ახალგაზრდებმა მოამზადონ წინადადები (პროექტი) მათთვის პრიორიტეტული საკითხების შესახებ და წარუდგენენ მერიას, რათა შემდგომ ბიუჯეტში მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება.