ცქიტიშვილი: საგზაო უსაფრთხოებისთვის სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს

199

სოციალური კამპანიები არასოდეს არ არის კომფორტული, ის მიმართულია ჩვენს ემოციებზეა, მათ შორის, გონებაზეც, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საგზაო უსაფრთხოების შესახებ შსს-ს ახალ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა. ცქიტიშვილის თქმით, მსგავსი ტიპის კამპანიები უფრო დასამახსოვრებელი და ეფექტურია.

“ავტოსაგზაო შემთხვევები და ის როგორ შეუძლია ამ ავტოსაგზაო შემთხვევებს ჩვენი და იმ ადამიანების ცხოვრება შეცვალოს ვინც ჩვენს გარშემო არის, ძალიან კარგად ვიცით. სამწუხაროდ ის სტატისტიკა – 6 600 ადამიანი 10 წლის განმავლობაში და თუნდაც 1 ადამიანის სიცოცხლეც კი ღირს იმად, რომ ჩვენ ყველანი დავფიქრდეთ როდესაც ვჯდებით საჭესთან, როდესაც ვმართავთ მანქანას ან როდესაც გადავაადგილდებით გზაზე. სოციალური კანპანიები არასოდეს არ არის კომფორტული, ის მიმართულია ჩვენს ემოციებზეა, მათ შორის გონებაზეც. არაკომფორტული კამპანიები უფრო მეტად დასამახსოვრებელია. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ეს კამპანია დაგეგმა და მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, საზოგადოება ამას კარგად არ მიიღებდა, გაბედეს და გვაიძულეს პრობლემისთვის თვალი გაგვესწორებინათ. მინდა აღვნიშნო ასევე ისიც, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ როგორც გზებზე უსაფრთხოება, ასევე საგზაო მოძრაობის წესები დავიცვათ ყველამ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

შეგახსენებთ, რომ ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები შსს-ს კამპანია აღმოჩნდა.