ტაქსის მძღოლების განცხადებით, თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს

33

წინა სტატია

ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ დღეს ტაქსის მძღოლებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ამასთან, ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, ნუ გააკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს იქამდე, ვიდრე ტაქსების მძღოლები დედაქალაქის მთავრობასთან სამუშაო პროცესს არ დაასრულებენ.

“საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ თამაშებში და ბრძოლა გავაგრძელოთ სუფთა ხელებით. ვართ მერიასთან მოლაპარაკებების რეჟიმში, რიგ საკითხებში მივაღწიეთ შეთანხმებას და მიმდინარეობს პროცესი. ეს პროცესი გაგრძელდება, ვთანამშრომლობთ ძალიან მჭიდროდ. ყველა პოლტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, რომ წინასწარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ”, – აცხადებს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ვალერი ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, გარკვეული შეთანხმებები შედგა მერიასთან მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნას რეგულაციების გადადების თაობაზე, საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებითაც შეთანხმება იქნება მიღწეული.

რაც შეეხება აქციებს, ვალერი ქადაგიშვილის თქმით, ტაქსის მძღოლები გეგმის მიხედვით 18 აპრილს შეიკრიბებიან და საკუთარ თანამოაზრეებს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მიაწვდიან.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლებმა რეგულაციები რამდენჯერმა გააპროტესტეს.