რა ვითარებაა თიანეთის საბავშვო ბაღებში, რომელთა შორისაც ზოგი 3-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს

779

სოფელ ზარიძეებში არსებული ბაღის შესახებ დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაციამ “კივიტას გეორგიკამ” დაწერა. ბაღს რეაბილიტაცია 2015 წელს ჩაუტარდა, თუმცა დაბზარული კედლები და ნაპრალები იატაკსა და მიწას შორის, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. სასმელად უვარგისია საბავშვო ბაღის ეზოში დამონტაჟებული წყალიც.

კიდევ უფრო საგანგაშოა ვითარება, ხევსურთსოფელში, სადაც საბავშვო ბაღი უფუნქციოა. მისი კედლები დაბზარული და ნესტიანია. კრიტიკულია სახურავისა და საძირკვლის  მდგომარეობა და გაუმართავია საკანალიზაციო სისტემაც. შენობა იმდენად ავარიულია, რომ 3-ბალიან მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

სოფელ ჩაბანოს საბავშვო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი არ შეჩერებულა, თუმცა ვითარება სახარბიელო არც იქ არის. რუსული კომპანია “ნიკარემსტროის” ფილიალმა საქართველოში ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და ერთი წლის შემდეგ ისე დაასრულა, რომ  შენობაში არც წყალია და არც საკანალიზაციო სისტემა.

საბავშვო ბაღის ეზოში მოსაწესრიგებელია შიდა პერიმეტრიც, ამორტიზებულია  ეზოში მდებარე საპირფარეშო და ნახევრად შემოღობილია ტერიტორიაც.

კომპანიამ სოფელ ჩაბანოს გარდა, რეაბილიტაცია ახალსოფლისა და ნაქალაქარის საბავშვო ბაღებსაც ჩაუტარა, სადაც ასევე პრობლემებია.

რატომ შეასრულა კომპანია “ნიკარემსტროიმ” არაკეთილსინდისიერად სარეაბილიტაციო სამუშაოები, კომპანიის დირექტორი მალხაზ ლომსაძე, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა მალხაზ ლომსაძე 2017 წელს დააკავა. ასევე დააკავეს, ნიკარემსტროის შვილობილი კომპანიის წარმომადგენელი ზაზა ჩიტაშვილი და თიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაღალჩინოსნებიც – რომლებმაც ჩათვალეს, რომ ლომსაძის კომპანიამ ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარისხიანად განახორციელა.  მუნიციპალიტეტის სამ თანამშრომელთან ერთად დაკავებული იყო გამგებლის ყოფილი მოადგილე მამული მამულაშვილი.

ანალიზიც და განაჩენიც სასამართლომ მარტში გამოიტანა. ყველა მათგანი დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. “ნიკარემსტროის” ფილიალს საქართველოში, რომელმაც ბავშვების გარდა, დასაქმებულებიც მოატყუა, მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჯარიმის სახით 123 202 ლარის გადახდა დაეკისრა.

სიუჟეტის სანახავად გადადით ბმულზე.