გარემოს დაცვითი რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით თბილისის მერიასთან სტუდენტებმა აქცია გამართეს

1494

თბილისის მერიასთან სტუდენტები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიასთან პირბადეებით მივიდნენ და თბილისის მერს ამ კუთხით რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მათი თქმით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების ნახევარზე მეტი თბილისშია თავმოყრილი და ჰაერი დაბინძურებულია.

აქციაზე გაჟღერდა მოთხოვნები, რომ გაუმჯობესდეს სატრანსპორტო პოლიტიკა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა დაიხვეწოს.

სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი მოგვიანებით თბილისის ვიცე-მერმა მიიღო. ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ ტრანსპორტის მხრივ არსებულ პრობლემებს და ავტომანქანების ჭარბ რაოდენობას დედაქალაქის მერიაც ხედავს. მისი თქმით, ამ მიმართულებით არაერთი რეფორმა დაიგეგმა.

“2018 წელს საქართველოში შემოსულია 77 ათასი ერთეული მანქანა და დარჩა, ამ დროს 5 ათასი ბავშვია დაბადებული ამავე წელს. ეს არის პრობლემა. ჩვენ გვინდა ასეთ კრიტიკულ დროს, როცა მუნიციპალიტეტი სწორ რეფორმას ახორციელებს, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.