ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში ჯერ არცერთი კანდიდატი დარეგისტრირებულა

762

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის რიგგარეშე არჩევნებისთვის ამ დროისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიას კანდიდატი არ დაურეგისტრირებია. თუმცა, “ქართული ოცნების” და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს. ისინი ხვდებიან მოსახლეობას და აცნობენ საარჩევნო პროგრამას. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

რაც შეეხებათ დამოუკიდებელ კანდიდატებს, ამ დროისთვის, ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის თქმით, მიმდინარეობს ხელმოწერების გადამოწმების ეტაპი, რომელიც დღეს დასრულდება და ხვალისთვის მათ დაარეგისტრირებენ.

“გადასამოწმებელი დაგვრჩა თენგიზ ჯგუშიას მხარდამჭერთა სია. ორი შემოწმებულია. დღეს დასკვნები დაიდება და ხვალ დავარეგისტრირებთ კანდიდატებს. უკვე გადამოწმებულ სიებში იყო ხარვეზები. დახარვეზდა, გაბათილდა. მაგრამ მეტობით ჰქონდათ წარმოდგენილი”, – უთხრა მირანდა მესხმა “ლაივპრესს”.

მისი თქმით, იყო შეცდომები რეგისტრაციასთან, პირადობასთან დაკავშირებით. მაგალითად, თერთმეტნიშნას ნაცვლად, ნაკლული რაოდენობით იყო ციფრები ჩაწერილი. განმარტა, რომ ხელმოწერებთან ერთად, ყველა რეკვიზიტი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. მათ შორის სახელი-გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი, იურიდიული მისამართი და სხვა მონაცემები.

პარტიებისთვის კანდიდატების დასარეგისტრირებლად ბოლო ვადა არჩევნების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30-ე დღეა.

ზუგდიდი ახალ მერს 19 მაისს აირჩევს.

მმართველი პარტიიდან გამარჯვებისთვის გიორგი შენგელია, გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსი, ხოლო “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან”გოგიტა ბიგვავა იბრძოლებს. სხვა პარტიებს ჯერ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არ განუცხადებიათ.

რაც შეეხებათ დამოუკიდებელ კანდიდატებს, საინიციატივო ჯგუფების კანდიდატები არიან ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, “სამეგრელოს ხმის” ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია და პროფესიით თეოლოგი დავით თორდია.

მათგან აქტიურობით ამ დროისთვის თენგიზ ჯგუშია გამოირჩევა, რომელიც ხელისუფლებას სხვადასხვა კომპონენტში აკრიტიკებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა 12 სექტემბერს თანამდებობებიდან გადადგნენ. ორი თვის შემდეგ გოგია და გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია