მთაწმინდის პარკსა და მერიას შორის სასამართლო დავა გრძელდება

690

დავა მთაწმინდის პარკსა და მერიას შორის გრძელდება. საბაგიროს მშენებლობა, რომელმაც ქალაქის ეს ნაწილი თბილისის ცენტრს უნდა დააკავშიროს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ვიდრე მერიის იურისტი მტკიცებულებად “ნაციონალური მოძრაობის” სამი წლის წინანდელ წერილსა და ადგილობრივთა პროტესტს იშველიებს, პარკის ადმინისტრაციამ უკვე 10 მილიონით იზარალა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო სადგური 2014 წლის პირველ ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ პარკის სტუმრებს დღემდე მხოლოდ ძველი ნანგრევები ხვდებათ, იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანია მზად არის საპროექტო დოკუმენტაცია და ავსტრიაში შეძენილი შესაბამისი ტექნიკა წლებია დასაწყობებულია.

ხელშეკრულება, რომელიც 2012 წელს გაფორმდა, საბაგიროს ქვედა სადგურის “რედისონის“ მიმდებარედ მშენებლობას ითვალისწინებდა. 2016 წელს პროექტში ცვლილება შევიდა და ქვედა სადგურის ადგილმდებარეობად საბაგირო გზის ძველი სადგური განისაზღვრა. მას შემდეგ მთაწმინდის პარკის მენეჯმენტმა, ვალდებულების შესრულების შესახებ, თბილისის მერიისგან არაერთი დაპირება მოისმინა.