დღეს მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე 20 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდება

1708

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე 20 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდება.

“დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე. 4 ახალი შემადგენლობა გვეყოლება. 20 მილიონია ამისთვის გამოყოფილი. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, რომ განსაკუთრებით პიკის საათებში მოცდის დრო 3 წუთზე ნაკლები გავხადოთ.

ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ზიარდება ფოტოები მეტროში არსებულ სიტუაციაზე, ხშირია მეტროს ვაგონების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ინფორმაციები. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა. წლების განმავლობაში სათანადო თანხები არ იყო მიმართული იმისკენ, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო.

შემთხვევითი არ არის, რომ 2018-2019 წელს 100 მილიონი დაიხარჯება მეტროზე. 70 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, 15 მილიონი დოლარი აზიის განვითარების ბანკის მიერ არის მოცემული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტროში არსებული ვითარება მოვაწესრიგოთ და მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დედაქალაქის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისე მოაგვარებს და ისე მოაწესრიგებს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იქნება ასეთი.

რაც შეეხება სტატისტიკას მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევებზე, მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია როგორ იყო წლების განმავლობაში და როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს.

2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა. 2018 წელს 305 დაზიანება იყო, მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევა, 2019 წელს გვაქვს 100 შემთხვევა, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა.

მგზავრების რაოდენობა არის ძალიან გაზრდილი მეტროში. მაგალითად, 2016 წელს დღეში საშუალოდ მგზავრთა რაოდენობა იყო 273 ათასი და 2019 წელს ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 100 ათასით. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომ როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები იყოს ყველანაირად მოწესრიგებული“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეებს მეტროსადგურებში არსებული პრობლემების დროულად მოგვარებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ სირცხვილია, ამდენი ხსნის განმავლობაში რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური, რომ ვერ გავაკეთეს.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროსადგურ “ავლაბარში“ სამუშაოების არსებული პროექტით წარმოება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია და მეტროსადგურების რეაბილიტაციის ყველა პროექტი გადასახედია.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ,“ვარკეთილის“, “გურამიშვილის“, “ავლაბრისა” და “გოცირიძის“ მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდება.