ზურაბიშვილი: საქართველოს განვითარება გადის თავისი რეგიონების და ამდენად, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე

885

საკმაოდ უჩვეულოა, რომ პრეზიდენტი ესწრებოდეს ამ ტიპის კონფერენციას და მე გადავწყვიტე, აქ მოვსულიყავი და დავსწრებოდი კონფერენციის გახსნას, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს განვითარება გადის თავისი რეგიონების და ამდენად, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონფერენციის “სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიტენმა სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა არის ქართული ეკონომიკის წარსული ძლიერების საფუძველი, მაგრამ თანამედროვე პრინციპებზე აგებული სოფლის მეურნეობის გარეშე ეს დარგი ვერ გახდება მომავალი განვითარების საფუძველი.

“ბატონო მინისტრო, ბატონო ელჩებო, დიდი პატივია ჩემთვის, რომ დღეს ვესწრები ამ, მე მგონი, ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას. რამეთუ ეს ეხება სოფლის განვითარების დარგს, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს არის საფუძველი ჩვენი განვითარების. ჩვენ უნდა ვისწავლოთ დღევანდელ მსოფლიოში რა არის მდგრადი განვითარების პრინციპები და ამ პრინციპებზე ავაგოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა. ეს ნიშნავს, რომ წარსულისგან ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ. დივერსიფიკაცია, რაც იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი სიმდიდრე, მაგრამ ამის გარდა, უნდა ვისწავლოთ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა ისე, რომ ხელს არ უშლიდეს გარემოს დაცვას და იყოს ისეთი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკაში ჩაერთვება და არსებულ ბაზრებზე მორგებული იქნება. ამ გზაზე ჩვენი პარტნიორებია ევროკავშირი, გაერო”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.