გორის მერია განათლების ხელშეწყობისთვის 11 მილიონს დახარჯავს

1335

2019 წელს გორის მერია განათლების ხელშეწყობისთვის 11 მილიონ ლარს დახარჯავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მერია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს 7 192 000 ლარით, ხოლო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და მოსწავლეთა ტრანსპორტირებას 1 938 300 ლარით  დააფინანსებს.

გარდა ამისა, სკოლების განათლება – არაფინანსური აქტივებისთვის 1 877 600 ლარია გათვალისწინებული.

მერიის განათლების განყოფილების უფროსის ნინო ბერიანიძის განმარტებით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბიუჯეტი ძირითადად კვებაზე, ხელფასებზე, ახალი ჯგუფების დამატებასა და ბაღების გახსნაზეა გადანაწილებული.

ბოლო სამი წლის განმავლობაში განათლების მიმართულებით ყველაზე მეტი თანხა წელს დაიხარჯება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ სფეროს 2018 წელს – 6 998 300 ლარი მოახმარა, 2017 წელს კი 5 839 700 ლარი დახარჯა.